პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები სპეციალური ოპერაციების სარდლობის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური ოპერაციების სარდლობის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიებაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„სპეციალური ოპერაციების სარდლობა თავდაცვის ძალების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი სამხედრო მოსამსახურეები მაღალი პროფესიონალიზმითა და საბრძოლო მომზადებით გამოირჩევიან. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და ღირსეულად წარმოაჩინეს საქართველო და ქართული ჯარი.
პატივს მივაგებ სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს და მათ ოჯახებს. მადლობას ვუხდი სარდლობის ვეტერანებსაც, რომლებმაც თავიანთი გამოცდილებითა და ერთგული სამსახურით ქვეყნის უსაფრთხოებასა და სამხედრო ტრადიციების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
მან ასევე ისაუბრა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად განხორციელებულ ინიციატივებზე, მათ შორის, მუხროვანის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების სარდლობის თანამედროვე ინფრასტრუქტურის პროექტზე, რომელიც დასრულების ეტაპზეა. მისი თქმით, ეს პროექტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გრძელვადიან გაძლიერებას ემსახურება.
„პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას სამხედრო მოსამსახურეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.
