„ქართველებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საქვეყნო დონეზე. როდესაც სტუდენტი დაბრუნდება, ის საქართველოს განავითარებს“ - მოსწავლეები ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობაზე
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის შესახებ მოსწავლეებისთვის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. სკოლების მოსწავლეები აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობას აფასებენ.
„ჩემთვის, როგორც ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლისთვის, რომელსაც მრავალ ოლიმპიადაზე მიმიღია მონაწილეობა, მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები, რადგან კონკრეტული ფაკულტეტები, კონკრეტული განათლების მიღება არის შესაძლებელი უფრო მარტივად, სახელმწიფოს მხარდაჭერით უცხოეთში. დღეს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტზე ვისაუბრეთ, რომელიც კონკრეტულად ინჟინერიის მიმართულებით საკმაოდ ძლიერია”, - აცხადებს ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ალექსანდრე თედიაშვილი.
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა კობახიძე კი აღნიშნავს, რომ ეს შესაძლებლობა არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.
„ქართველებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საქვეყნო დონეზე, რადგან როგორც ვიცით, ეს უნივერსიტეტი არის მე-11 ადგილზე და ის დიდ პროფესიონალურ განათლებას მისცემს ბავშვს. როდესაც სტუდენტი დაბრუნდება, ის საქართველოს განავითარებს”, - ამბობს საბა კობახიძე.
ცნობისთვის, საქართველო მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, იწყებს თანამშრომლობას. განათლების მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებით, „ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა“.
