ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც გამოხატა ღვინის თემაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, ჩვენ გამოვხატეთ პოზიცია, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით
რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით და ეს წითელი ხაზები არასდროს გადაკვეთილა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რაზეც ყოველთვის არის სათანადო რეაქცია.
„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ წაყენებულ პირობებს: იქ დემარკაცია, დევნილების არდაბრუნება და ასე შემდეგ, ე.წ სამშვიდობო შეთანხმება. ასეთი განცხადებები კეთდება ხოლმე. ეს არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვრჩა. რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და გამოირჩევა ხოლმე ასეთი განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რაზეც ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე სათანადო რეაქცია. ბუნებრივია, ვერავითარი დემარკაცია ვერ განიხილება, დევნილების დაბრუნებაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ვერავითარი წინაპირობა რაიმესთვის. რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ არც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას, არც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ვერავითარ სამშვიდობო შეთანხმებაზე ვერ იქნება, ბუნებრივია, საუბარი.
ამ ყველა საკითხზე და ე.წ. პირობებზე ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით და დღესაც ვაფიქსირებთ სათანადო პოზიციას. საუბარი იყო ღვინის თემაზეც და ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გავაკეთეთ განმარტება. აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც გამოხატა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა. არ ვიცი, ეს არის მათი პოზიცია, რაზეც ასევე სათანადო პასუხი ჩვენ, ბუნებრივია, დავაბრუნეთ. ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით და ეს წითელი ხაზები არასდროს გადაკვეთილა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
