აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და ჩხავერის ჯიშის ყურძნის რეალიზაციის პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და KTW-ის საწარმოში ჩხავერის ყურძნის ჩაბარების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 200 ბენეფიციარისთვის საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის გადაცემაა გათვალისწინებული; ამ ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარი დაიხარჯება.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით, აქტიურად მუშაობს ფერმერების და მცირე საოჯახო ტიპის მარნების ხელშესაწყობად. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში ბიზნესთან თანამშრომლობის, ფერმერებთან ერთობლივი მუშაობისა და ღონისძიებების დაგეგმვის მნიშვნელობას.
აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის, დენის სალუქვაძის ინფორმაციით, წელს სხვადასხვა საწარმოში 120 ტონაზე მეტი ჩხავერის ჯიშის ყურძნის ჩაბარებაა მოსალოდნელი. მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ასევე გააცნო KTW-ის ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მოსავლის მიღებისა და გადამუშავების შესახებ ინფორმაცია და ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი მევენახეობის განვითარებისა და მოსავლის შეუფერხებელი რეალიზაციის ხელშეწყობის პროცესში აჭარის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
