„სუროგაცია ქალებისა და ბავშვების უფლებებს ფეხქვეშ თელავს, არ მესმის როგორ შეიძლება სუროგაცია დღემდე იყოს კანონიერი, ამით გაჭირვებულ ქალებს იყენებენ" - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ სუროგაციის გზით დაბადებულ ქალთან
„იმედის კვირამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა სუროგაციის გზით დაბადებულ ქალთან, რომელიც „კასაბლანკას დეკლარაციის ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორია და სუროგაციის აკრძალვისთვის იბრძვის.
34 წლის ოლივია მაურელი ამბობს, რომ სუროგაცია ქალებსაც აზიანებს და ბავშვებსაც.
„სუროგაცია ქალებისა და ბავშვების უფლებებს ფეხქვეშ თელავს, არ მესმის როგორ შეიძლება სუროგაცია დღემდე იყოს კანონიერი, ამით გაჭირვებულ ქალებს იყენებენ.
როგორც ქალი, თავისთავად ვეწინააღმდეგები ამას. სუროგაციის ნებისმიერი ფორმა გულისხმობს ახალშობილის მშობლისგან დაშორებას, მიზანმიმართულად ხდება მშობელი დედის მიერ ჩვილის მიტოვების სისტემატიზაცია, ასე რომ თავისთავად ეს ბავშვები დიდი დარტყმის ქვეშ არიან, ამ ბავშვებს დედა 9 თვე ატარებდა მუცლით, ამ ბავშვებმა მეტი არაფერი იციან ამ სამყაროს შესახებ გარდა დედის გულისცემისა, დედის ხმისა. როგორ შეიძლება, მათი ასე დაშორება ტრავმას არ იწვევდეს, ეს ხომ ბავშვებზე ძალადობაა, ამას ცხოველებსაც კი არ უკეთებენ", - ამბობს „იმედი კვირასთან“ ოლივია მაურელი.
ის სუროგაციასა და მონობას შორის ავლებს პარალელს და სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრობს.
„პარალელს მუდამ მონობასთან ვავლებ. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით საუკუნე დასჭირდათ მონობის აკრძალვისთვის, ასე რომ, ვიცით, დროა საჭირო.
ცოტა ხნის წინ სლოვაკეთში ვიყავი, მითხრეს, რომ სურდათ ქვეყანაში სუროგაციის აკრძალვა, მაგრამ ორი დეპუტატი იყო წინააღმდეგი. მე შევძელი მათი დარწმუნება, იტალიას კი შესანიშნავი კანონმდებლობა აქვს სუროგაციასთან დაკავშირებით.
ვხედავთ რომ კოლუმბია მუშაობს ახალ კანონმდებლობაზე სუროგაციის შესახებ, ჩილე, ეკვადორი, თავისთავად საქართველოც. საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ განხილვა ეს შესანიშნავი იდეაა, ყველაფერი სწრაფად მიდის წინ, ნამდვილად არ მოგვიწევს ასი წელი ცდა სუროგაციის აკრძალვამდე", - განაცხადა ოლივია მაურელიმ.
