
მიხეილ დუნდუა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „ატლანტიკურმა საბჭოს“ 2026 წლის ატლასზე საუბრისას.
დუნდუას თქმით, საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 75,5% მიიღო.
„ეს მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია ამ ინდექსის მიხედვით და ინდექსის 12-წლიანი გაუმჯობესებით, საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე, უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ რამდენიმე ქვეყანას. ევროკავშირის წევრ ბულგარეთს და ნატო-ს წევრ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, როგორიცაა მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული“, - აღნიშნა მან.
მიხეილ დუნდუას თქმითვე, 41 ქვეყანა არის კეთილდღეობის მაღალი დონის, ხოლო ამ ქვეყნების შემდგომ პოზიციებზე მყოფი ქვეყნები არის საშუალო დონის.
„ჩვენ ექვსი საფეხური გვაკლია იმისთვის, რომ გადავიდეთ მაღალი კეთილდღეობის შეფასებაზე. ჩვენ რამდენიმე წელიწადში უნდა მივაღწიოთ კეთილდღეობის არსებითად გაუმჯობესებულ დონეს. გარდა ამისა, მხოლოდ ატლანტიკური საბჭო არ არის ერთადერთი საზომი და მეტრი ამ საკითხების. არის, ვთქვათ სავალუტო ფონდი, არის მსოფლიო ბანკი და თუ მათ თანამედროვე პროგნოზებს შევხედავთ, ცხადი ხდება, რომ დაახლოებით 2028 წლისათვის საქართველო უნდა გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა - ამ სტატუსის მატარებელი ქვეყანა“, - განაცხადა მან.
„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი კვლავინდებურად გაიმყარა.
იმედი
წყარო: imedinews.ge