
მარიამ ქვრივიშვილი ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს შეხვდა
ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარემ ვანგ იუტაომ პეკინში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ჩინეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვანგ იუტაოს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებითა და უვიზო მიმოსვლით გამყარდა, ჩინური ბიზნესისთვის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ქმნის.
China ZhenHua Oil Co. Ltd. ჩინეთის მსხვილი ნავთობისა და გაზის კომპანიაა. ის ახორციელებს ინვესტიციებს მოპოვებაში, საბადოების განვითარებასა და ნავთობითა და გაზით ვაჭრობაში. კომპანიის რეგისტრირებული კაპიტალი დაახლოებით 1-1,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანი აქტივები - 5-8 მილიარდის ფარგლებშია, ხოლო ნავთობისა და გაზის ვაჭრობის წლიური მოცულობა 50 მილიონ ტონას აჭარბებს, რაც წელიწადში 20 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს.
China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, ასევე სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი და საქართველოს დესპანი ჩინეთში ბესიკ შარაშენიძე.
იმედი
წყარო: imedinews.ge