
ტრამპი: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, ეს ომი მოგებულია - ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია
თეთრ სახლში შეკრებილ რეპორტიორებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანთან არსებულ დაპირისპირებაში გამარჯვება გამოაცხადა და მორიგი იერიში მიიტანა ამერიკულ მედიასაშუალებებზე.
„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია“, - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ირანი სამხედრო თვალსაზრისით „განადგურებულია“.
პრეზიდენტმა ტრადიციულად გააკრიტიკა „ყალბი ამბების“ (Fake News) გამავრცელებელი მედია, მათ შორის The New York Times, NBC News და ABC News. მისი თქმით, მედია რეალობას ამახინჯებს და ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს აშშ არ იგებს ომს.
„კითხულობთ New York Times-ს და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა მათ [ირანს] არც ფლოტი აქვთ, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ. ჩვენი თვითმფრინავები პირდაპირ თეირანის თავზე და ქვეყნის სხვა ნაწილებში დაფრინავენ, მათ კი ამის საწინააღმდეგოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ“, - აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მას რაიმე კონკრეტული ობიექტის, მაგალითად, „მძლავრი ელექტროსადგურის“ განადგურება მოუნდება, ირანს ამის შეჩერების არანაირი რესურსი არ გააჩნია.
იმედი
წყარო: imedinews.ge