
ტრამპი: ირანელებმა საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს მივიღეთ - ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, ეს საჩუქარი ნავთობსა და გაზთან არის დაკავშირებული
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა ირანელების მხრიდან გადადგმულ კეთილი ნების ჟესტზე, რომელიც მან აღწერა, როგორც იდუმალი „საჩუქარი“ და აღნიშნა, რომ ამ ძღვენმა ხელი შეუწყო ომის დასასრულებლად მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას.
„მათ ჩვენ საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს მივიღეთ. ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, რომელიც კოლოსალური თანხა ღირს. არ ვაპირებ გითხრათ, კონკრეტულად რა არის ეს საჩუქარი, თუმცა ის ძალიან მნიშვნელოვანი პრიზია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს სამშაბათს, ოვალურ კაბინეტში.
პრეზიდენტის თქმით, ეს საჩუქარი „ნავთობსა და გაზთან იყო დაკავშირებული“.
„ეს ეხებოდა [ნავთობის] დინებას, სრუტეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ჰორმუზის სრუტეზე საუბრისას, რომელიც ნავთობის გადაზიდვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არტერიაა და რომელიც, ფაქტობრივად, პარალიზებულია.
მისი თქმით, ეს საჩუქარი იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ირანელი მომლაპარაკებლები, რომლებიც მის ადმინისტრაციასთან მართავენ დიალოგს, მზად არიან შეასრულონ თავიანთი დაპირებები.
„მათ გადმოგვცეს ის [საჩუქარი] და თქვეს კიდეც, რომ აპირებდნენ მის გადმოცემას, რაც ჩემთვის ერთ რამეს ნიშნავს: ჩვენ სწორ ადამიანებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა: „ისინი ერთადერთნი არიან, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო“.
იმედი
წყარო: imedinews.ge