Financial Times: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მოქალაქეებს შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს

Financial Times: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მოქალაქეებს შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს

იმედი|imedinews.ge

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა ირანის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დუბაისა თუ სხვა ქალაქებში შესვლა სურთ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ არაბული ქვეყანა ირანში მიმდინარე ომის ფონზე შიდა უსაფრთხოების გაძლიერებით არის დაკავებული.

როგორც Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ირანის დაახლოებით 500 ათასმა მოქალაქემ, რომელთა უმეტესობა დუბაიში ცხოვრობს, თვითმფრინავში ჩასხდომის წინ აღმოაჩინა, რომ მათი არაბული ვიზები გაუქმებულია.

თუმცა, ბოლო დღეებში ირანის ზოგმა მოქალაქემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაბრუნება შეძლო. „ჩემი ოთხი მეგობარი დაბრუნდა, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ საზღვარგარეთაა და მათი ვიზები აღდგენილი ჯერ არ არის“, - ციტირებს გამოცემა დუბაის ერთ-ერთ მცხოვრებს.

ავიაკომპანია Emirates, FlyDubai, Etihad და Delta-ს ინფორმაციით, ირანის მოქალაქეებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა ან ტრანზიტით გადაადგილება ეკრძალებათ, თუ მათ არ აქვთ „ოქროს ვიზა“, რომელიც გადაეცემა ინვესტორებს ან სპეციალისტებს ხანგრძლივი ცხოვრებისთვის.

ვიზებს არაბთა გაერთიანებული საამიროების საიმიგრაციო სამსახური გასცემს. სპეციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ვიზის აღება საგამონაკლისო წესით შეუძლიათ ირანის იმ მოქალაქეებს, რომელთა მეუღლე არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეა, ან თუ ისინი არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქის შვილები არიან.

ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული აკრძალვა არ ვრცელდება ირანელ სპორტსმენებზე, ბანკების მმართველებზე, ექიმებზე, ოჯახის წევრებზე, ინჟინრებზე, ინვესტორებზე, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებსა და თრეიდერებზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია