
POLITICO: ევროკომისრისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რომანტიული ურთიერთობის ირგვლივ კითხვები იბადება
საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ მან აღადგინა ურთიერთობა მრეწველობის საკითხებში ევროკომისართან, სტეფან სეჟურნესთან, რამაც მომავალი წლის არჩევნების წინ ეთიკური კითხვები წარმოშვა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით ევროკომისრისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რომანტიული ურთიერთობის ირგვლივ კითხვები იბადება.
კვირას, ფრანგულ ტელეკომპანია TF1-თან ინტერვიუში საუბრისას, ატალმა განაცხადა, რომ მასსა და სეჟურნეს შორის ეს იყო „სიყვარული პირველი დანახვით“, თუმცა ეს გრძნობა „ახალგაზრდობაში“ დაიწყო და სავსე იყო „გამოცდებითა და დაშორებებით“.
წყვილი სამოქალაქო პარტნიორობაში იმყოფებოდა 2017-დან 2022 წლამდე, როდესაც ატალს სხვადასხვა მინისტრის პოსტი ეკავა - მათ შორის მთავრობის სპიკერის - ხოლო სეჟურნე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩეველი იყო, სანამ ევროპარლამენტარი გახდებოდა. ამის შემდეგ ისინი ორი წლით ერთმანეთს დაშორდნენ.
კითხვაზე, აღდგა თუ არა მათი ურთიერთობა მას შემდეგ, რაც მაკრონმა 2024 წელს ვადამდელი არჩევნები დანიშნა, ატალმა უპასუხა: „დიახ, ჩვენ ერთმანეთი არასოდეს დაგვიკარგავს... საუბარს ისე ვაგრძელებდით, თითქოს არ გვინდოდა, რომ დაშორება საბოლოო ყოფილიყო და რეალობად ქცეულიყო. თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ“.
თუმცა, მათი რომანტიული ურთიერთობის განახლება შესაძლოა ინტერესთა პოტენციურ კონფლიქტად იქცეს, ატალის ეროვნული ამბიციების გათვალისწინებით.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამჟამად კანონმდებელი და მაკრონის პარტია „აღორძინების“ ლიდერია, არ დაუმალავს თავისი განზრახვა, მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
როგორც ევროკომისარმა, სეჟურნემ თანამდებობის დაკავებისას დადო ფიცი, რომ პრიორიტეტს ევროკავშირის ინტერესებს მიანიჭებდა და დამოუკიდებელი იქნებოდა ეროვნული საკითხებისგან.
მისი უფლებამოსილების ვადა 2027 წლის შემდეგაც გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მოუწევს თანამშრომლობა საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტთან, რომელიც შესაძლოა ატალის ერთ-ერთი პოლიტიკური მეტოქე იყოს მოახლოებულ საარჩევნო კამპანიაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge