
პეტერ მადიარი: თუ „დრუჟბა“ სამუშაო მდგომარეობაშია, ზელენსკიმ ის უნდა გახსნას
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობა უნდა განახლდეს - ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ბრიუსელი ამზადებს ნიადაგს, რათა ბუდაპეშტმა მოხსნას ვეტო კიევისთვის განკუთვნილ გადამწყვეტ ფინანსურ სესხზე, - წერს Euronews-ი.
მადიარმა რეაგირება მოახდინა ცნობებზე, რომელთა თანახმადაც, უკრაინამ შესაძლოა ნავთობის მიწოდება დაუყოვნებლივ აღადგინოს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში სწრაფი პროგრესის სანაცვლოდ.
„რაც შემიძლია უკრაინის პრეზიდენტს ვუთხრა - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვისაუბრია - არის ის, რომ ეს თამაში არ არის“, - განაცხადა მან.
„თუ მილსადენი „დრუჟბა“ ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია ნავთობის გატარება, მაშინ ის უნდა გაიხსნას, როგორც დაპირებული იყო. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, მიაწოდოს ნავთობი მილსადენს. მის გარეშე ის ვერ იფუნქციონირებს“, - აღნიშნა მადიარმა.
მადიარმა დასძინა, რომ მის პარტიას ჰქონდა საკუთარი მინიშნებები იმის შესახებ, რომ ნავთობის მიწოდების აღდგენა შესაძლოა რამდენიმე დღეში მომხდარიყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი „შანტაჟს არ დაჰყვება“.
„უკრაინის პრეზიდენტს არ ვურჩევდი ამ გზით წასვლას. ამას არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ მთლიანად ევროპა უარყოფს. უკვე შეთანხმებული საკითხების ხელახლა გადახედვა არ არის ის მეთოდი, რომლითაც ჩვენ ევროპაში ვმოქმედებთ“, - განაცხადა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge