
POLITICO: რუმინეთის „სოციალ-დემოკრატებმა“ პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის გადაყენების პროცესი დაიწყეს, რამაც ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია
რუმინეთის „სოციალ-დემოკრატებმა“ პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის გადაყენების პროცესი დაიწყეს, რამაც ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს გამოცემა POLITICO.
პარტიამ, რომელიც ბოლოჟანის „ლიბერალებთან“ ერთად კოალიციაში მართავს ქვეყანას, ორშაბათს ხმათა უმრავლესობით პრემიერ-მინისტრისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის შეწყვეტას დაუჭირა მხარი.
„სოციალ-დემოკრატები“ რუმინეთის პარლამენტში ხმების ყველაზე დიდ წილს ფლობენ.
პარტიის ლიდერმა, სორინ გრინდეანუმ ბოლოჟანი - რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტულ „ეროვნულ ლიბერალურ პარტიას“ ხელმძღვანელობს - მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ პოლიტიკამ დააზიანა რუმინეთის ეკონომიკა და რუმინელებისთვის ცხოვრების ხარჯების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია ვიყოთ მძევლის როლში, სანამ ჩვენი სოციალური ბაზა ნადგურდება“, - განუცხადა გრინდეანუმ ორშაბათს ბუქარესტში პარტიის მაღალჩინოსნებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დედაქალაქში ასობით ადამიანი შეიკრიბა საღამოს აქციაზე ბოლოჟანის მხარდასაჭერად, რომელმაც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. პრემიერ-მინისტრმა „სოციალ-დემოკრატები“ იმ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობისგან „ლაჩრულ გაქცევაში“ დაადანაშაულა, რომლებიც მათთან ერთად ჰქონდათ მიღებული.
„ის, რასაც დღეს ვხედავთ, არის ჩვენი ქვეყნის ფინანსების საფრთხეში ჩაგდება და მმართველობის ჩაშლა; ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისადმი სრული უპატივცემულობით კეთდება“, - განაცხადა ბოლოჟანმა.
მან კოალიციურ პარტნიორებს ბრალი დასდო ქვეყნის დესტაბილიზაციაში იმ დროს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომია, ევროპის ეკონომიკა კი სტაგნაციას განაგრძობს.
რუმინეთი პოლიტიკურ კრიზისში 2024 წელს აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები სადავო ვითარებაში გაუქმდა უცხოური ჩარევის ეჭვის გამო.
იმედი
წყარო: imedinews.ge