
ტრამპი: მე დრო თავზე საყრელად მაქვს, ირანს კი არა - საათი წიკწიკებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არანაირ ზეწოლას არ განიცდის ირანთან ომის დასასრულებლად შეთანხმების სასწრაფოდ მისაღწევად და აღნიშნა, რომ დრო ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ მუშაობს და არა ირანის.
„მე, შესაძლოა, ყველაზე ნაკლებ ზეწოლას განვიცდი მათ შორის, ვისაც კი ოდესმე ეს თანამდებობა ეკავა. მე დრო თავზე საყრელად მაქვს, ირანს კი არა - საათი წიკწიკებს!“ - დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
პრეზიდენტმა ირანის სამხედრო პოზიცია კვლავ მნიშვნელოვნად დასუსტებულად დაახასიათა.
„ირანის ფლოტი ზღვის ფსკერზეა, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები განადგურებულია, საზენიტო და სარადარო შეიარაღება აღარ არსებობს, მათი ლიდერები ჩვენთან აღარ არიან, ბლოკადა მტკიცეა და აქედან მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება - დრო მათ მხარეს არ არის!“ - აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ომის დასრულების შესახებ მხოლოდ აშშ-ის პირობებითა და მისი ვადების მიხედვით შედგება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ეს იქნება „შესაბამისი და კარგი“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე „ჩვენი მოკავშირეებისთვის და, ფაქტობრივად, დანარჩენი მსოფლიოსთვის“.
იმედი
წყარო: imedinews.ge