
დონალდ ტრამპი: ირანში სამიზნეების 75% უკვე განადგურებულია - თუ მათ შეთანხმება არ სურთ, მაშინ მე სამხედრო გზით დავასრულებ საქმეს და დავარტყამ დარჩენილ 25%-ს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების შესახებ ახალი დეტალები გააჟღერა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა ძალებმა დასახული ამოცანების უდიდესი ნაწილი უკვე შეასრულეს.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანში დაგეგმილი სამიზნეების დაახლოებით 75-78% გაანადგურა. მისი განმარტებით, აქტიური სამხედრო მოქმედებები დროებით შეჩერდა, რათა მეორე მხარეს „შანსი მიეცეს“.
„ჩვენ სამიზნეების დაახლოებით 75% გავანადგურეთ. ცოტა ადრე შევჩერდით, რადგან მათ მშვიდობა სურთ. ამასთან, ჩვენი ბლოკადა 100%-ით ეფექტურია და ისინი ვერანაირ ბიზნესს ვერ აწარმოებენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, ირანი ამჟამად მძიმე ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობაშია. მისივე განცხადებით, შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული „ქაოსის“ გამო ფერხდება.
ტრამპის თქმით, ირანის ხელმძღვანელობაში დაბნეულობაა - „მათ არც კი იციან, ვინ მართავს ქვეყანას“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო თვალსაზრისით მან ქვეყანა „პირველივე ოთხ კვირაში გამოიყვანა“ მწყობრიდან. ახლა ვაშინგტონი მოლაპარაკებების მოლოდინშია, თუმცა ძალის გამოყენების ვარიანტი კვლავ ძალაში რჩება.
„თუ მათ შეთანხმება არ სურთ, მაშინ მე სამხედრო გზით დავასრულებ საქმეს და დავარტყამ დარჩენილ 25%-ს“, - განაცხადა ტრამპმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge