
მერცი: ვხედავთ სამხედრო-ტექნოლოგიურ პროგრესს, რომელიც ისეთი სისწრაფით მიიწევს წინ, რაც უკრაინაში ომის გარეშე არ მოხდებოდა - ამაში, მიუხედავად მთელი ტრაგედიისა, ასევე დევს დიდი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ
რუსეთის ომმა უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია, რაც მშვიდობიანობის დროს შეუძლებელი იქნებოდა, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კვიპროსის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
კანცლერის თქმით, 2026 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ბევრად უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.
მისი თქმით, მთავარი ფაქტორი ტექნოლოგიური ჩამორჩენის სწრაფი აღმოფხვრა და არმიის მოდერნიზაციაა.
„დღეს, 2026 წლის დასაწყისში, პირველ თუ მეორე კვარტალში, უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე ორი-სამი წლის წინ, რადგან ვხედავ, რა სისწრაფით ვეწევით ახლა დანარჩენებს“, - აღნიშნა მერცმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთის ომმა აიძულა მსოფლიო, დაეჩქარებინა სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება იმ ტემპით, რომელიც მშვიდობიანობის დროს წარმოუდგენელი იქნებოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება ქვეყნებს თავდაცვითი საჭიროებების დამოუკიდებლად მოგვარებაში ეხმარება.
„ჩვენ ვხედავთ სამხედრო-ტექნოლოგიურ პროგრესს, რომელიც ისეთი სისწრაფით მიიწევს წინ, რაც ამ ომის გარეშე არ მოხდებოდა. და ამაში, მიუხედავად მთელი ტრაგედიისა და საშინელი ტკივილისა, ასევე დევს დიდი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ“, - განაცხადა კანცლერმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge