
ნიკუშა შენგელაია პატრიარქზე: მამული, ენა, სარწმუნოება - ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც, ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად წაგვაქცევენო
მამული, ენა, სარწმუნოება - ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც, ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად წაგვაქცევენო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას.
შენგელაიამ გაიხსენა ისტორიები, რომელიც მას და მის ოჯახს უწმინდესთან აკავშირებდა.
“ძალიან დიდი პატივისცემა ჰქონდა ჩემს ოჯახს და მას. როცა ვერიკოს, ბებიაჩემს შვილი გარდაეცვალა, მან მთელი ხატები გაიტანა ოთახიდან, დაკარგა რწმენა. პატრიარქი მოდიოდა და საათობით ესაუბრებოდა ვერიკოს, რომ რწმენისკენ მოებრუნებინა. ბოლოს შეიტანა ხატები ბებიაჩემმა ისევ ოთახში. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მე როგორ შევაწუხებდი, თვითონ მოვიდა, მერე არეკვინებდა და მეუბნებოდა: ნიკუშა, მოდი ჩემთან, რატომ არ მოდიხარ? როგორ განიცდიდა ჩემს ტკივილს, გულწრფელად. ძალიან დიდი ბუნების ადამიანი იყო, ამიტომ იყო დიდი პატრიარქი”, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.
მისივე თქმით, ილია II-ის მოღვაწეობა შეუფასებელია.
“რა პერიპეტიები არ გავიარეთ, გახსოვთ, როგორ მყარად იდგა ყოველთვის. მისი სახელის მიმართ ყველაზე დიდი პატივისცემა იქნება, რომ ჩვენ თვითონ ვიპოვოთ ჩვენს თავში ახლა ის ძალა და არ დავკარგოთ უფალი და გავძლიერდეთ რწმენაში”, - აღნიშნა შენგელაიამ.
მხატვარი ამბობს, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ქუჩებში დამძიმებულები დადიან და ყველას თვალებში გულწრფელი სიმძიმეა, რადგან ილია II ბევრი ადამიანის ნუგეში და იმედი იყო.
“როგორი კეთილშობილი იყო, როგორი მომთმენი, როგორი ბრძენი. მოთმინებით აშენა და დღეს ჩვენ ვუყურებთ რამდენ ეკლესია-მონასტერში აღადგინა ლოცვა. 9 აპრილსაც მოვიდა ჩვენს გადასარჩენად”, - აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.
“იმედი Live”-ის სტუმარმა პატრიარქის ეპისტოლეებიც გაიხსენა, რომლებიც მუდმივად საქართველოს გამთლიანებასა და გაერთიანებას შეეხებოდა.
“თუ მართლა გვიყვარს და პატივს ვცემთ უნდა ვიპოვოთ ძალა და გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც მისი ოცნება იყო - საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება”, - აღნიშნა შენგელაიამ.
მხატვარმა უწმინდესთან მის ბოლო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შედგა.
“მაშინ ცოტა დაძაბული სიტუაცია იყო, კითხვასავით დავუსვი, რომ ალბათ გადარჩენისთვის ერი და ბერი ერთად უნდა დავდგეთ-თქო და ხელი მომიჭირა, საუბარი უჭირდა. დიახ, ის იყო სულიერი მამა”, - ამბობს ნიკუშა შენგელაია.
იმედი
წყარო: imedinews.ge