
სერბეთის პატრიარქი: ილია II-ის მოღვაწეობამ მრავალი ნაყოფი გამოიღო და წარუშლელი კვალი დატოვა
ბელგრადში, საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში, სერბეთის პატრიარქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო პატრიარქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი სტოისავლევიჩმა.
ლოცვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა პორფირიმ სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, მონაზვნობასა და ქართველი მართლმადიდებელი ერის ყველა შვილს.
სამძიმრის წერილში სერბეთის პატრიარქმა ილია II-ს „საყვარელი ძმა“ და ქართველი ხალხის „დაუვიწყარი მამა და არქიპასტორი“ უწოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია გლოვობს, ეს გლოვა არ არის უიმედო, არამედ მიმართულია აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის მოლოდინისკენ.
სერბეთის პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა განსვენებული პატრიარქის ღრმა სულიერ მემკვიდრეობაზე. მისი თქმით, ილია II-ის მოღვაწეობამ მრავალი ნაყოფი გამოიღო და წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ მის სამწყსოზე, არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროზე. პატრიარქმა პორფირიმ ასევე მაღალი შეფასება მისცა მის როლს რწმენის განმტკიცებაში, ტრადიციების დაცვასა და ქართველი ხალხის სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge