
წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო
საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა, ანტე იოზიჩმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
სამძიმრის წერილს საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანო ავრცელებს.
„თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის.
პატრიარქმა ილია II-მ თავისი ნახევარსაუკონოვანი მოღვაწეობით განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა მის უწმიდესობასთან და მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს ისტორიაში, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში.
თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის საქართველოში წარმომადგენლობის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, „საუკუნო განსასვენებელი დაუმკვიდრე, უფალო, და ამყოფე მარადიულ ნათელში“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
იმედი
წყარო: imedinews.ge