ლელა რაზიკაშვილი: მან თავისი წასვლით, ამხელა ტკივილით კიდევ ერთხელ მოგვახედა ერთმანეთისკენ, ახლა ადამიანები დაყოფილები აღარ არიან, ჩვენ ყველა ერთი დარდის ჭირისუფალი ვართ

ლელა რაზიკაშვილი: მან თავისი წასვლით, ამხელა ტკივილით კიდევ ერთხელ მოგვახედა ერთმანეთისკენ, ახლა ადამიანები დაყოფილები აღარ არიან, ჩვენ ყველა ერთი დარდის ჭირისუფალი ვართ

იმედი|imedinews.ge

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც ხდება ჩვენს გულებში და ამ ადამიანმა მოახერხა ყველას გულში შესულიყო. ახლა ადამიანები დაყოფილები აღარ არიან, ჩვენ ყველა ერთი დარდის ჭირისუფალი ვართ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა პატრიარქზე საუბრისას.

„ამას ჰქვია ღვთის ძალა და ღვთის ნება. უამრავი ისტორიული ფიგურა ვიცით ჩვენ, მაგრამ ამდენი ადამიანის გულში შესულიყოს, მე არ ვიცი. ცრემლი გახსნილი გულია და პატრიარქს დღეს ძალიან ბევრი ადამიანის მართალი და სიყვარულის ცრემლი გადმოედინა“, - აღნიშნა მან.

რაზიკაშვილის თქმით, საბჭოთა პერიოდში ილია მეორემ ეკლესია გახადა ეროვნული იდეის თავშესაფრად. მისივე თქმით, პატრიარქი იყო ტოლერანტობისა და მიმტევებლობის განსახიერება.

„ეკლესიაში გვასწავლა ღვთის სიყვარული და ეკლესიაში გვასწავლა სამშობლოს სიყვარული, თითქოს შეგვიყვანა იქ და გვასწავლა როგორ უნდა ვიომოთ. ჩემი თაობა ვართ მისი პირმშო, მოგვამზადა თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, შემდეგ მოგვამზადა გაძლებისთვის და ჩვენ გავძელით 90-იანებში, შემდეგ მოგვამზადა იმისთვის, რომ ქვეყანა ჩვენ გადაგვაბარებინა.

ეკლესიაში მივედით მისი სიტყვის გამო. როცა დადგა ამბიონზე და საქართველოს ისტორიაზე დაიწყო ქადაგება, ჩვენ დავინახეთ, რომ თურმე საქართველოზე საუბარი შეიძლება. მან მოამზადა საეკლესიო იერარქია, ქართული ეკლესიის დასი შექმნა. უამრავი ადამიანი პოლიტიკისთვის მოამზადა, უამრავი ადამიანი უბრალოდ მოქალაქეობისთვის. თავისი უზარმაზარი ავტორიტეტი ჩვენ ხომ არ ვიცით რამდენჯერ გამოიყენა საქართველოს გადასარჩენად. თავისი ავტორიტეტი გამოიყენა იმისთვისაც, რომ საქართველოში როგორღაც გაეუმჯობესებინა დემოგრაფიული მდგომარეობა და ამ ადამიანებს სტიმული მისცემოდათ, რომ 2,3,4 შვილი ჰყოლოდათ და დღეს დიდი არმია არსებობს პატრიარქის ნათლულების.

მან თავისი წასვლით, ამხელა ტკივილით კიდევ ერთხელ მოგვახედა ერთმანეთისკენ. თითქმის ყველა თავის პატრიარქს გლოვობს, ადამიანებმა, რომლებიც ერთმანეთს ემტერებოდნენ, წუთით მაინც ეს მტრობა შეწყვიტეს. ამიტომ ყველაზე დიდი პატივისცემა მისთვის ის იქნებოდა, რასაც გვასწავლიდა რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. ჩვენი რელიგიური ლიდერი იყო ტოლერანტობის, მიმტევებლობის და ყველაზე კარგი გაგებით ლიბერალიზმის განსახიერება“, - განაცხადა რაზიკაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია