
ალუდა ღუდუშაური: საქართველოს პატრიარქმა არამარტო ქრისტიანული, არამარტო მართლმადიდებლური სწავლება დაგვიტოვა, არამედ დაგვიტოვა საერო სწავლებაც, რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორიც არის საქართველო
საქართველოს პატრიარქმა არამარტო ქრისტიანული, არამარტო მართლმადიდებლური სწავლება დაგვიტოვა, არამედ დაგვიტოვა საერო სწავლებაც, რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორიც არის საქართველო, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, მართალია, ცოტანი ვართ ქართველები, პატარაა საქართველო, მაგრამ ასეთ დროს უნდა ვიყოთ მტკიცე ურთიერთპატივისცემაში, ურთირთსიყვარულში.
„პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო. ასევე მინდა მივუსამძიმრო სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს იმიტომ, რომ ჩვენი უწმინდესი, მართლაც იყო ეპოქალური პიროვნება. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა უკავშირდება იმდენად დიდ, მასშტაბურ, კაცობრიობის წინაშე დიდ ეპოქალურ ძვრებს, როგორიც არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსიყვარული და ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც მართლაც ღირებული დარჩება თაობებისთვის - განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის იმ მომავალი თაობებისთვის, ვინც დღეს თავის თვალით ხედავს იმ ყველაფერს, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ისე, რომ სრულიად ერს უყვარდე ისე ძლიერად, როგორც ეს უწმინდესთან მიმართებაშია“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge