
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროების თანამშრომლობით თელავში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით კახეთში, ქალაქ თელავში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მიიღო. მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე ისაუბრა და ახალი პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანმა, რომელმაც, ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაფართოების მიზნით, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრის მოადგილეებმა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
ბანაკი ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებას.
ერთკვირიანი ბანაკი ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს მრავალფეროვან და ინტერაქციულ აქტივობებს სთავაზობს, მათ შორის თემატურ დისკუსიებს, საგანმანათლებლო სესიებს, გუნდურ სამუშაოებს, კულტურულ ღონისძიებებსა და შემეცნებით ექსკურსიებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge