
გიორგი გაბუნია: უწმინდესი ამას პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი, ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობდა ეკლესიაზე და ძალიან რთული პერიოდი განვლო ეკლესიამ
მაშინ, როდესაც 2003 წლის ბოლოს საქართველოში მოხდა რევოლუცია და აგენტურა მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინდელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩათვალეს, რომ მთელი ქვეყანა მათი იყო და შეეძლოთ ნებისმიერი გადაწყვეტილების გატანა. სწორედ ამ პერიოდში პირველად მოუსინჯეს კბილი ეკლესიასაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
მისივე თქმით, იმდროინდელი ხელისუფლების მხარდაჭერით ენჯეო აგენტურა პირდაპირ ახორციელებდა შეტევებს ეკლესიაზე.
„უწმინდესის მაღალი დიპლომატიის და მაღალი აკადემიზმის რბილი განცხადებები და მისი სიფრთხილე გამოწვეული იყო, რომ ის ამას პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი, ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობდა ეკლესიაზე და ძალიან რთული პერიოდი განვლო ეკლესიამ.
ზუსტად ის ადამიანები და მათი გუნდის წევრები, რომლებიც დღეს აქტიურობენ, ფაქტია, რომ მათი განწყობა და დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩათვალეს, რომ დღეს პატრიარქი არ ჰყავს ეკლესიას და შესაძლებელია, რომ ისევ იმავე რიტორიკით კბილი მოუსინჯონ ჩვენს ეკლესიას და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გარკვეული განცხადებებით უკვე დაწყებულია ეს კამპანია.
მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენმა ეკლესიამ ძალიან ბევრ განსაცდელს გაუძლო და ყველა სიძნელე გადაიტანა, რომელიც მას განადგურებას უქადდა. არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს ერთიანობას და ჩვენს ეკლესიას მოერევა. ნებისმიერი ის მცდელობა, როდესაც მორალური პიედესტალიდან შეეცდება ნებისმიერი ადამიანი, რომ ჩირქი მოსცხოს ჩვენს ეკლესიას და ეცადოს დააზიანოს ჩვენი საზოგადოების ერთიანობა, ძალიან ცუდად დაუმთავრდება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge