საქართველო საერთაშორისო პლატფორმა Global Travel Awards-ის გამარჯვებულია

საქართველო საერთაშორისო პლატფორმა Global Travel Awards-ის გამარჯვებულია

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე Global Travel Awards საქართველომ 2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების „Best Emerging Travel Destination“ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს „საუკეთესო განვითარებად ტურისტულ მიმართულებად“ აღიარება მოწმობს, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარებად, საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად აღიქმება, რომელიც მთელი მსოფლიოდან სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განმარტებით, Global Travel Awards-ის ჯილდო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ბრიტანეთის ბაზარზე, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„საქართველომ, როგორც ახალმა განვითარებადმა ტურისტულმა დანიშნულების ადგილმა, ლონდონში „Global Travel Awards“-ზე საუკეთესო ადგილის ჯილდო მიიღო. ამ გამოკითხვაში, სადაც ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდა მონაწილეობას, მოგზაურებმა განსხვავებულ ახალ მიმართულებად საქართველო დაასახელეს. დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, პირდაპირ ფრენებს როგორც „EasyJet“, ასევე „ბრიტანეთის ავიახაზები“ ასრულებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ბრიტანელი მოგზაურების რაოდენობა. ჩვენ მუდმივად გვაქვს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები - იქნება ეს გამოფენები თუ კამპანიები დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. ვფიქრობთ, ეს გამარჯვება ხელს შეუწყობს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ცნობადობის ზრდას და ბევრად მეტ ბრიტანელ მოგზაურს ველოდებით ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

Global Travel Awards-ის პლატფორმაზე ჯამში 5,700,000-ზე მეტი ხმა დაფიქსირდა, კონკურსი 33 კატეგორიას და 150-ზე მეტ მიმართულებას მოიცავდა, მათ შორის: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იაპონია და სხვ.

გამოკითხვაში ფართო საერთაშორისო აუდიტორია, მოგზაურები, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები და პროფესიონალები მონაწილეობდნენ.

Global Travel Awards ლონდონში მოქმედი საერთაშორისო ტურისტული პლატფორმაა, რომელიც გამოკითხვებს ყოველწლიურად, ღია კენჭისყრის წესით ატარებს და გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში ავლენს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია