ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს, საქპატენტის თავმჯდომარესა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა

ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს, საქპატენტის თავმჯდომარესა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში EPO-ს პრეზიდენტი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე - პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“, რომელიც საქპატენტის ორგანიზებით სასტუმროში „პარაგრაფი თავისუფლების მოედანზე“ იმართება, - ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის გახსნამდე ანტონიო კამპინოსი საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის მნიშვნელობაზე, რაც საგამომგონებლო საქმიანობისა და ინოვაციების განვითარების წინაპირობაა.

„კამპინოსმა აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე განხორციელდა ევროპული პატენტების ვალიდაციის მექანიზმის დანერგვა, რაც საქართველოში ევროპული პატენტების სამართლებრივ აღიარებას უზრუნველყოფს. საგულისხმოა, რომ ანტონიო კამპინოსის ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს მიერ ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესახებ ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში (EPO) ოფიციალური მიმართვის გაგზავნა, რაც ქვეყნისთვის სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივას გულისხმობს.

შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, რომ კონვენციაზე მიერთება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თანამედროვე რეფორმების შედეგად გაძლიერებული სისტემის აღიარებაა. ამასთან, ეს არის შესაძლებლობა, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი გახდეს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. ასევე, ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, რასაც შესამჩნევი გავლენა ექნება სამეცნიერო საქმიანობის შედეგებზე.

მხარეებმა ისაუბრეს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განათლების როლზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე იმსჯელეს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია