
მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ვენაში საქართველოს თავმჯდომარეობით იმართება.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ელოდება მჭიდრო თანამშრომლობას გაერთიანებულ სამეფოსთან ეუთო-ს თავმჯდომარეობის „ტროიკის“ ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთობლივი საქმიანობის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა.
„ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზული შეშფოთების საგანია და ჩვენგან დაუყოვნებელ ყურადღებას მოითხოვს. კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და ეუთო-ს დამფუძნებელი პრინციპების დაცვისა და პატივისცემის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოაჩენს. დღეს ვხედავთ, თუ როგორ ირღვევა ის ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემის საფუძველი უნდა იყოს. ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების განხორციელება მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. რისკის შემცირების მექანიზმები ზეწოლის ქვეშაა, გამჭვირვალობისა და სამხედრო სფეროში პროგნოზირებადობის დონე დაბალია, ხოლო დიალოგის შესაძლებლობები ხშირად პოლიტიკური ან უსაფრთხოების ფაქტორებით იზღუდება.
მათ რიცხვს განეკუთვნება მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების გავრცელება, უსაფრთხოების პოტენციური გამოწვევების შემცველი კიბეროპერაციების გაფართოება და ჰიბრიდული საფრთხეები, რომელიც საზღვრებს შლის ომის წარმოების კონვენციურ და არაკონვენციურ ფორმებს შორის. უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმმა (FSC) უნდა უპასუხოს აღნიშნულ გამოწვევებს არამხოლოდ არსებული ვალდებულებების განმტკიცებით, არამედ ინოვაციების ხელშეწყობის, თანამშრომლობის გაფართოებისა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. ამ კონტექსტში, საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. საქართველოს თავმჯდომარეობას გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაპირებთ. ამ ფონზე, ფორუმმა უნდა შეასრულოს გამჭვირვალობისა და რისკების შემცირების მთავარი პლატფორმის ფუნქცია. მისი საქმიანობა საკვანძოა ეუთო-ს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენი საერთო ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ ფორუმის მიერ თავისი მანდატის ეფექტიანად განხორციელება.
პირველი უსაფრთხოების დიალოგი მიეძღვნება უსაფრთხოების პოლიტიკურ-სამხედრო ასპექტებზე ეუთო-ს ქცევის კოდექსთან შესაბამისობის გაძლიერებას, მათ შორის, ეროვნული შესრულების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანი გამოყენების მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. მეორე უსაფრთხოების დიალოგი შეეხება შეიარაღებული კონფლიქტის გავლენას ქალებსა და გოგოებზე. შეიარაღებული კონფლიქტები კვლავ არაპროპორციულ და მრავალგანზომილებიან გავლენას ახდენს ქალებსა და გოგოებზე, მაშინ როდესაც ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალური მდგრადობის შენარჩუნებაში და წვლილი შეაქვთ მშვიდობის დამყარებისა და აღდგენის პროცესებში. მესამე უსაფრთხოების დიალოგი დაეთმობა კონფლიქტის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ქცევის კოდექსის ფარგლებში. მისი მიზანია, გააძლიეროს მონაწილე სახელმწიფოთა ინფორმირებულობა მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების კუთხით, მათი ვალდებულებების შესახებ, მათ შორის შეიარაღებულ კონფლიქტებში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს შორის ურთიერთკავშირის შესწავლის გზით, ასევე განამტკიცოს ეროვნულ დონეზე ამ ვალდებულებათა ეფექტიანი განხორციელება. სამივე პრიორიტეტულ სფეროში საქართველო ყურადღებას გაამახვილებს ვალდებულებების პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელობაზე“, - განაცხადა მინისტრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge