
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომისიის პრეზიდენტს, ედურნე ურიარტე ბენგოეჩეას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ურთიერთობები, თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.
ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. მათ ესპანურ მხარეს მადლობა გადაუხადეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა უსაფრთხოების გამოწვევები, მიმდინარე ომები და მათი გავლენა გლობალურ უსაფრთხოების გარემოზე.
ესპანურმა მხარემ ქართულ დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე, მათ შორის მიგრაციის, კიბერუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნულ სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი.
იმედი
წყარო: imedinews.ge