
არჩილ გორდულაძე: როდესაც ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით
როდესაც ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ვისაც ჰგონია, რომ ქართველ ხალხზე უკეთესად შეუძლია განსაზღვროს რა არის საქართველოს მომავალი, ძალიან ცდება.
“ევროკავშირის ე.წ. დიპლომატის, უბრალოდ არ შეიძლება სხვა რამ ვუწოდოთ ამ ადამიანს, თავდასხმები არახალია ჩვენთვის, მაგრამ სრულიად ახალ სიმაღლეებს მიაღწია მისმა თავდასხმამ ქართულ საზოგადოებასა და ქართველ ხალხზე. 2024 წელს, წინაასაარჩევნო პერიოდში, იგი საზოგადოებას მოუწოდებდა, პირდაპირ ერეოდა არჩევნებში, აგიტაცია-კამპანიაში იყო ჩართული და ამბობდა, რომ თუ თქვენ გინდათ შეხვიდეთ ევროკავშირში “ქართული ოცნება” ამ გზაზე ვერაფერში დაგეხმარებათ. აქამდე ეს ჩვეულებრივი მოწოდება იყო, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მხარდამჭერისა. შემდეგ არაერთი განცხადება, არაერთი გვერდში დგომა სიძულვილის ენისა, კამპანიური თავდასხმებისა ვნახეთ მისი შესრულებით, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დღემდე ვერ დავაცდევინეთ, რომ ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ახლა პირდაპირ გადავიდა მუქარაზე. ქართველ ხალხს გვემუქრება, რომ რაღაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული მომავალში და თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, მაშინ ავდგებით და დაგაბრუნებთ იმ ბნელ წარსულში, რომელიც გქონდათო. ჩამოთვალა სამოქალაქო ომი, შიმშილი და უბედურება. რა განსხვავებაა მაშინ ევროკავშირის წარმომადგენელსა და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ წარმომადგენელს შორის? როგორც წესი საბჭოთა კავშირის დროს მეორე მდივნები იყვნენ პირდაპირ კრემლიდან დანიშნული. როდესაც ჩვენ, ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით. ჩვენ ვამბობთ, რომ გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული საქართველოში და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველ ხალხზე უკეთესად შეუძლია განსაზღვროს რა არის საქართველოს მომავალი, ძალიან ცდება”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge