
არჩილ გორდულაძე: არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში
არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს, რომ „ნაცი“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და გააგრძელოს ადამიანების წამება და რეკეტი.
„არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! ჯერ არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნებში მონაწილეობით რომ არაფერი გამოუვიდათ, არჩევნების არცნობა. იგივე გააკეთეს 2016 წელს, 2020 წელს, 2021 წელს, 2024 წელს, 2025 წელს. ერთი და იგივე სცენარი. არჩევნებში რომ დამარცხდებიან ხოლმე, მერე გადადიან ძალადობრივ აქციებზე და სხვადასხვა სიმძაფრით იზრდება ხოლმე ძალადობები, რომ საბოლოო ჯამში ხვდებიან, რომ ერთი არ არის საკმარისი და მეორეზე უნდა გადავიდნენ, რაც არ გამოსდით ერთი მარტივი მიზეზის გამო, სამართალდამცავი ორგანოების, ჩვენი გმირი ბიჭებისა და გოგონების საკუთარი ჯანმრთელობის გაწირვის ფასად არ გამოსდით რევოლუციური სცენარები.
უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ვეღარ შეძლებს „ნაცი“, რომ აწამოს ქართველი. ვეღარ შეძლებს „ნაცი“, რომ ბიზნესი წაართვას. ვეღარ შეძლებს, რომ დააშანტაჟოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. იმიტომ, რომ ეს არის ის დიდი უბედურება, რომელიც გარედან იყო წახალისებული. ამ ყველაფერს შუქურას რომ ეძახდნენ დემოკრატიისას და თურმე ეს ყოფილა ადამიანის უფლებების დაცვა და ჩვენ, რომ დემოკრატიულ უკუსვლას გვეუბნებიან, ძალიან საინტერესოა. შემთხვევით 2003 -2012 წლებში ხომ არ უნდათ დავბრუნდეთ, რომ გარედან საჩუქრის სახით სხვადასხვა შეფასებები და მადლობები მივიღოთ?! რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ გამოვა. ჩვენ ვაგრძელებთ ქართული საქმის კეთებას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge