
პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მიმდინარე კვირას უნდა დაამტკიცოს. პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, გეკა გელაძეს ჯერ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე მოუსმენენ, რის შემდეგაც საკითხი დასამტკიცებლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს 6 წლის ვადით ირჩევს, კანდიდატს პოსტზე დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. კანონმდებლები დარწმუნებულები არიან, რომ გეკა გელაძე უწყებას ისევე ღირსეულად გაუძღვება, როგორც ეს შს მინისტრის პოსტზე საქმიანობისას იყო.
„ბატონი გეკა გელაძის ხელმძღვანელობით ეს სამსახური მასზე დაკისრებული ფუნქციების წარმატებით განხორციელებას გააგრძელებს. რაც მან შეძლო შს მინისტრის პოზიციაზე, ცალსახად იყო ის, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ნარკომიმართულებით ბრძოლა გაასმაგდა. მჯერა, რომ უკვე სუს-ის უფროს პოზიციაზე ის ასევე წარმატებული იქნება და გააგრძელებს ყველა იმ რეფორმას, რომელიც ბატონმა მამუკა მდინარაძემ დაიწყო“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge