
მაკა ბოჭორიშვილი: განცხადებები, რომლებიც კეთდება ბრიუსელის მხრიდან, ძირს უთხრის საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებს, შეუძლებელია, არ გავაცნოთ ელჩს, რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე
მსგავსი ნაბიჯები, რომლებსაც ვხედავთ, რომლებიც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, განცხადებები, რომლებიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის, იმ ურთიერთობებს, რაც არის საქართველოსა და ბრიუსელს შორის და მიმართულია ამ ურთიერთობების დაზიანებისკენ, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ელჩს გააცნეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ბრიუსელში გაკეთებულ მის განცხადებებთან დაკავშირებით.
„ეს არის ჩვენი პოზიცია. შეუძლებელია, არ გავაცნოთ ელჩს, რას ვფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ ბრიუსელში. როგორ აღვიქვამთ ჩვენ საქართველოში იმ ნაბიჯებს, რომლებსაც დგამენ. ყველაფერი, რაც კეთდება ბოლო პერიოდში, მიმართულია ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ, რაც მიუღებელია. ასეთ ნაბიჯებს ვერ აღვიქვამთ მეგობრულ და პარტნიორულ ნაბიჯებად. ურთიერთობებში თუ რამე არის გამოსასწორებელი, პირველ რიგში, უნდა გამოსწორდეს დამოკიდებულება საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ევროკავშირთან სრულყოფილ დიალოგზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
იმედი
წყარო: imedinews.ge