
სასამართლომ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლის განაჩენით, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს. დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ელენე ხოშტარიას უნდა ესარგებლა, თუმცა, ის განაჩენის გამოცხადებას, ისევე როგორც დანარჩენ პროცესებს, არ დასწრებია.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს. კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, შინა პატიმრობას, ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა და ის განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge