კახა კალაძე: ციხეში არავის წასვლა მიხარია - ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ. ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა

კახა კალაძე: ციხეში არავის წასვლა მიხარია - ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ. ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა

იმედი|imedinews.ge

„ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ რამდენიმე დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი შეფასებით, ზოგიერთი ქვეყნის ელჩის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება.

„კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. თავიანთი ქმედებები, განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება. ეს წარმოუდგენელია და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში პირდაპირი ჩარევაა. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება თავად ელენე ხოშტარიას დაკავების საკითხს, დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ხოშტარიას ქმედება მხოლოდ ბანერის დაზიანება არ ყოფილა, რადგან მან ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას.

„სხვადასხვა მოქმედება, სხვადასხვა დროს იძენს სხვადასხვა მნიშვნელობას. ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა. ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისთან მივსულიყავით, დაგვერბია, შეურაცხყოფა მიგვეყენებინა მათთვის, მათი პლაკატები და ბანერები დაგვეზიანებინა. თქვენ ცდილობთ, რომ 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობა წარმოაჩინოთ ისე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის დაზიანება, მაგრამ რეალურად აღნიშნული ღობე დაზიანდა შენობაში შეჭრისთვის. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ საცხოვრებელი ბინა, ბინის კარი პირობითად, შეიძლება ღირდეს 300 ლარი, მაგრამ როდესაც მიზანმიმართულად ანგრევ მას და სხვის საცხოვრებელ სახლში შეჭრას ცდილობ, ეს განისაზღვრება, როგორც ყაჩაღობა, მას აქვს შესაბამისი მუხლი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ზრდასრული ადამიანები საკუთარ ქმედებებზე თავად იღებენ გადაწყვეტილებას და კანონის წინაშე პასუხსაც თავად აგებენ.

„ციხეში არავის წასვლა მიხარია, თუმცა ჩვენ, ყველანი ზრდასრული ადამიანები ვართ, ბავშვები არ ვართ და ჩვენ თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ. ქალბატონ ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა ის, რაც გააფუჭა, გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე გადაწყვიტა. ეს მისი უფლებაა. კატეგორიულად მიუღებელია ქმედებები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირდა - ჩემს საარჩევნო შტაბთან მივარდნები, ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ბანერების დაზიანება და ა.შ. ჩვენ ხომ ვაშენებთ ცივილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც არჩევნების პერიოდში, ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ჩვენ არავისთან მივვარდნილვართ და არ შეგვიშლია ხელი საარჩევნო კამპანიის პროცესში. ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეკადრება და სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია