
პეტრე მამრაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: 90 გვერდის მომზადება ორ დღეში შეუძლებელია, აღარ ერიდებიან ამ პროცესს, არ იცავენ ეთიკას. ეს არის მომზადებული იქამდე, სანამ საერთოდ ჩამოვიდოდა აქ ეს მისია თუ კომისია
ეს არის ფაქტი, რომ მთლიანად გაყალბებულ ინფორმაციაზე აგებული, ანგაჟირებული და მიზანმიმართულია აღნიშნული დოკუმენტი. ეს სიყალბე და ცილისწამებაა და ამას თავისი მიზანი აქვს. არ უნდა გვიკვირდეს, რადგან წლების განმავლობაში ეუთო გაიხრწნა და დეგრადაცია მოხდა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, 1990-იანი წლებისა და დღევანდელი ეუთო სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.
„მიმუშავია მსგავს დოკუმენტებზე და გეტყვით, რომ 90 გვერდის მომზადება ორ დღეში შეუძლებელია, აღარ ერიდებიან ამ პროცესს, არ იცავენ ეთიკას. ეს არის მომზადებული იქამდე, სანამ შესაძლებელია, საერთოდ ჩამოვიდოდა აქ ეს მისია თუ კომისია, რადგან მთავარია დაიწეროს ის, რაც უნდათ ამ ფსიქოლოგიურ საინფორმაციო კამპანიაში, რომელსაც აწარმოებენ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ეს პერიოდი“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
პატრიცია გრჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
იმედი
წყარო: imedinews.ge