
მათიკაშვილი გლოვის დღეებში რიგი ევრობიუროკრატების დუმილზე: ვერ დავიჯერებ, რომ არ ნახეს სრულიად ერი რიგში ჩამდგარი, რომ პატივი მიეგო უწმინდესისთვის და ქართული ტკივილი არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი, რომ გამოეხატათ თავისი მწუხარება
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმ ევრობიუროკრატების დუმილი შეაფასა, რომლებიც სხვა დროს საქართველოს საკითხზე აქტიურობენ.
„ვერ დავიჯერებ, რომ არ ნახეს სრულიად ერი რიგში ჩამდგარი იმისთვის, რომ პატივი მიეგო უწმინდესისა და უნეტარესისთვის და ამ მოცემულობაში ქართული ტკივილი და მწუხარება არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მოეძებნათ რამდენიმე წუთი და გამოეხატათ თავისი მწუხარება და გვერდით დასდგომოდნენ ქართველ ხალხს”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მან საქართველოში გლოვის დღეებში კონგრესმენ ჯო უილსონის მხრიდან კვლავ საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმაც გაიხსენა.
„მას რომ მართლაც ემპათია გააჩნდეს ჩვენს მიმართ, როგორ დავიჯერო, რომ ჯო უილსონი 2-3 სიტყვას ვერ მოიძიებდა თავის ლექსიკონში, რომ მწუხარება გამოეხატა ამ დიდი ტკივილის გამო. ამის ნაცვლად კვლავ ცილისწამება, კვლავ ტყუილი, პროირანული, პროჩინური პოლიტიკის დაბრალება საქართველოსთვის, სადაც სიმართლეს ადგილი არ აქვს”, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მისი შეფასებით, სწორედ მძიმე ჟამს მოხდა კარგისა და ცუდის გამიჯვნა ერთმანეთისგან.
„ამ მძიმე ჟამს ხდება გამიჯვნა კარგისა ცუდისგან, მკაფიო ხაზის გავლება, თუ სად არის სიმართლე, პატრიოტიზმი, მორალური ღირებულებები და პირიქით - სად არის მცდელობა ქვეყნის დაქცევის, ქართველი ხალხის გამოყენებისა საკუთარი მიზნებისთვის და ინტერესებისთვის, სადაც არ აინტერესებთ არც კათოლიკოს-პატრიარქი, არც ქვეყნის სარწმუნოება და ქრისტიანობა, არც სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ და ტერიტორიული მთლიანობის მიღწევისკენ სწრაფვა. ეს იყო კარგი მაგალითი”, - აღნიშნა დეპუტატმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge