
ლევან მაჭავარიანი გიგაურზე: კარგად გვახსოვს ჰელსინკის კომისიაზე როგორ დაასმინა ჩვენი ქვეყანა, აბსოლუტური დეზინფორმაცია. ანალოგიური ვიხილეთ ახლა ნიდერლანდებშიც, მათთვის საქართველო სამშობლო არ არის, მაგისი განცდა არასდროს ჰქონიათ
არავინ მათ ლაპარაკს არ უზღუდავს, მედია პლურალიზმი სამაგალითოა საქართველოში, სოციალური ქსელები და სოციალური პლატფორმები, თუმცა აქ მათი საუბარი, რა თქმა უნდა, არავის აღარ აინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ენჯეოებთან“ დაკავშირებით.
კერძოდ, როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის იყო ეკა გიგაური, რომელმაც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მაჭავარიანის თქმით, მათ არაფერი ქართული არ გააჩნიათ, მათთვის საქართველო სამშობლო არ არის.
„ახლა თავიანთ პატრონებს იქ რას უმტკიცებენ, ეს თავიანთი უფლებაა და გააგრძელონ ასეთი ცრუ დასმენებით სიარული. იგივე გიგაურმა, ჩვენ კარგად გვახსოვს ჰელსინკის კომისიაზე როგორ დაასმინა ჩვენი ქვეყანა, აბსოლუტური დეზინფორმაცია. ზუსტად ანალოგიური ვიხილეთ ახლა ჩვენ ნიდერლანდებშიც. მათ საქმე ჩვენს მოსახლეობასთან არ აქვთ, მოსახლეობასაც არ ესაუბრებიან, დადიან, პირდაპირ პატრონებს ანგარიშს აბარებენ და უნდათ, რაღაც დღის წესრიგი იყოს შექმნილი, რათა შემდეგ „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გააშუქოს, „აი ეკა გიგაურს უსმენდა ნიდერლანდების პარლამენტი“. აბსოლუტურად დაცლილი იყო ის ოთახი, სადაც ის სიტყვით წარდგა. მგონი ორი ადამიანი ესწრებოდა სულ. სამარცხვინოები არიან. უსამშობლოები ძალიან მძიმე სიტყვაა და კარგად ვიაზრებთ, რამდენად მძიმე სიტყვაა, მაგრამ სხვა სიტყვა მათ არ შეეფერებათ. არაფერი ქართული არ გააჩნიათ. მათთვის საქართველო სამშობლო არ არის. მაგისი განცდა არასდროს ჰქონიათ და არ ექნებათ. საქართველო არის ტერიტორია მათთვის, სადაც სურთ ძალაუფლება აიღონ ხელში. რის საფასურად აიღებენ, ქვეყანა დაინგრევა თუ არ დაინგრევა, ახალი ბატონი ეყოლება ქვეყანას თუ არ ეყოლება, აბსოლუტურად არაფერი აინტერესებთ. უბრალოდ უნდათ ძალაუფლება იმ ტერიტორიაზე, სადაც სამწუხაროდ დაიბადნენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge