
პაატა სალია: 14-18 აპრილს, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში გაერო-ს ოფიციალურ ღონისძიებებში მივიღებ მონაწილეობას
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, სადაც სიტყვით წარვდგები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრისას.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საკუთარ სიტყვაში ისაუბრებს საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით ქვეყანაში დანერგილ არაერთ წარმატებულ პროექტზე.
„საუბარი იქნება იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს საჯარო მმართველობისა და საჯარო სერვისების განხორციელების მიმართულებით აქვს. ამ მხრივ წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის სახელი დაიმკვიდრა. საქართველო არის მოწინავე სახელმწიფო, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო“, – განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, კომიტეტის სხდომაში მონაწილეობასთან ერთად შეხვედრებს გამართავს გაერო-ს ხელმძღვანელ პირებთან.
„ნიუ-იორკში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გავმართავ გაერო-ს გენმდივნის მოადგილესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. ასეთი შეხვედრები არის ასპარეზი ახალი პარტნიორობის შეძენისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის კიდევ უფრო გაზრდისთვის“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
იმედი
წყარო: imedinews.ge