
დიმიტრი ხუნდაძე: 9 აპრილმა შეცვალა არა მხოლოდ ქართული პოლიტიკა, არამედ პოსტსაბჭოთა ისტორია
9 აპრილმა შეცვალა არა მხოლოდ ქართული პოლიტიკა, არამედ პოსტსაბჭოთა ისტორია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, 9 აპრილი ერთდროულად არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული და ერთ-ერთი ყველაზე საამაყო დღე.
„9 აპრილი არის მნიშვნელოვანი თარიღი ქართული პოლიტიკისა და ეროვნული თვითშეგნების ისტორიაში. 9 აპრილმა შეცვალა არა მხოლოდ ქართული პოლიტიკა, არამედ პოსტსაბჭოთა ისტორია, იმიტომ, რომ ამ ერთობამ და ეროვნულმა თვითშეგნებამ გზა გაუხსნა თავისუფლებისკენ საქართველოს, ასევე მან მშვიდობიანი გზის საშუალება მისცა არაერთ საბჭოთა და პოსტსაბჭო ქვეყნებსა და რესპუბლიკებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. მე მახსენდება პატრიარქის გარდაცვალება - 9 აპრილი იყო ბრძოლის ერთობა, პატრიარქის გარდაცვალება იყო გლოვის ერთობა. ერთიც და მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია, პოზიტიურ მოლოდინსაც აჩენს, რომ ერს აქვს ერთობის უნარი, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია ქვეყანაში. რა თქმა უნდა ეს დღე არის ყველაზე ტრაგიკული უახლეს ისტორიაში, მაგრამ ასევე ერთ-ერთი ყველაზე საამაყო სწორედ ამ ერთობით, იმ შედეგით რამაც განაპირობა ქვეყნის თავისუფლება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge