
დიმიტრი ხუნდაძე: კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო
კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, საქართველო წარმატებით უმკლავდება იმ დიდ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას.
„ვხედავთ, რომ კონფლიქტები არ ნელდება. ძალიან დიდი შანსია, რომ კიდევ უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს და ასეთი შესაძლო რეალობის მომსწრე ვიყავით სულ რამდენიმე დღის წინ, პრაქტიკულად ზღვარზე იყო, რომ რეალურად ჩამოყალიბებულიყო მესამე მსოფლიო ბირთვულ ომად. ორი კვირით ეს პროცესი გადაიდო, მაგრამ რით გაგრძელდება?! არაპროგნოზირებადია ასეთ ვითარებაში მსოფლიო პოლიტიკა, მით უმეტეს ჩვენი რეგიონი.
ამიტომ საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. იმიტომ, რომ დღეს თუ ერთი ქმედებაა მომგებიანი, შესაძლოა ხვალ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს ამას და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო.
მშვიდობის ფასი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალია, მით უმეტეს, როდესაც ორი კონფლიქტია და ერთ კონფლიქტთან გვაშორებს მხოლოდ შავი ზღვა - უკრაინას ვგულისხმობ და ახლო აღმოსავლეთთანაც მხოლოდ ერთი ქვეყანა.
ამიერკავკასიაშიც საკმაოდ საყურადღებო ვითარებაა. ჩრდილოეთ მეზობელიც არის დიდ გლობალურ საომარ თამაშებში ჩართული და ასევე მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, საქართველო არის „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, ამიტომ მან აქცენტი უნდა გააკეთოს მშვიდობაზე, ეკონომიკაზე და ამით შეინარჩუნებს ამიერკავკასიაში დომინანტის ფუნქციას.
იმედი
წყარო: imedinews.ge