
კოტე ჟღენტი: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს
ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მოვლენებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც მე ნაკლებად მაქვს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში კოტე ჟღენტმა.
აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას: „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და აბრეშუმის გზის პროექტების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევროკავშირს ისევ სჭირდება საქართველო და ცხადია, საქართველოსაც - ევროპა. ურთიერთობების გადასატვირთად რა უნდა გააკეთოს ევროკავშირის ხელმძღვანელობამ და რა - საქართველოს ხელისუფლებამ?“.
კოტე ჟღენტის თქმით, შესაძლოა „ევრომორწმუნეებს“ სჯერათ, რომ რომ ხილულ მომავალში ე.წ. ევრობიუროკრატია შეიცვლება, მაგრამ მას ამის არ სჯერა.
„თუ შეიცვლება, რეალურად შეხედავენ მოვლენებს და თავს დაანებებენ აგენტების გზავნილებზე დაყრდნობით ანგარიშების შექმნას, მაშინ შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს. მაგრამ ვიმეორებ, მე ამის იმედი არ მაქვს. საქართველოს რაც შეეხება, უნდა გამოვიდეს ევროილუზიიდან.
ეს პროექტები [შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და აბრეშუმის გზის] განხორციელდება, იმის მიუხედავად, ევროკავშირში რაიმე რადიკალური ცვლილება მოხდება თუ არა, ვინაიდან ჩვენ ახლა ვართ და საკმაო ხანს დავრჩებით ერთადერთ გზად, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ეს ჩვენზე გავლით ხორციელდება და ჩვენზე გავლით იქნება, მით უმეტეს, [შავი ზღვის] კაბელი ახლა შეიტანეს პრიორიტეტებში. ჩრდილოეთის გზა კარგა ხანს იქნება დაკეტილი, დაკეტილი იქნება სამხრეთის გზაც ცნობილი მოვლენების გამო, ამიტომ ჩვენ დავრჩებით ერთადერთ გზად“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge