ანსამბლ „ხულოს“ დაარსების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა

ანსამბლ „ხულოს“ დაარსების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ანსამბლ „ხულოს“ დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა.

ღონისძიების დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას.

ანსამბლი „ხულო“ 1985 წელს ჩამოყალიბდა და თავდაპირველად 40 წევრისგან შედგებოდა. მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობის შედეგად, ანსამბლმა დაიმსახურა აჭარის სახალხო მომღერლის წოდება და მიენიჭა დამსახურებული სახალხო მომღერლის დიპლომი.

წლების განმავლობაში ანსამბლი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასა და ფესტივალში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც არაერთი ჯილდო, პრიზი, მედალი და სიგელი დაიმსახურა. ანსამბლს მინიჭებული აქვს ლაურეატის წოდება და საქართველოს კულტურის სამინისტროსგან „სახალხო თვითმოქმედი კოლექტივის დიპლომი“.

იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე შესრულდა ქართული ფოლკლორის ნიმუშები და ანსამბლის რეპერტუარიდან გამორჩეული ნომრები. ანსამბლი „ხულო“ დღესაც აქტიურად მონაწილეობს მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში და აგრძელებს ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სცენაზე.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ვახტანგ ბერიძემ ანსამბლ „ხულოს“ საიუბილეო თარიღი მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ანსამბლი „ხულო“ უკვე 40 წელია ღირსეულად ემსახურება ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას. თქვენი მრავალწლიანი საქმიანობა მნიშვნელოვანი წვლილია ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს გადასცემთ ქართულ ტრადიციებსა და ფასეულობებს. გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებულ წელს, ახალ შემოქმედებით მიღწევებსა და ღირსეულ მოღვაწეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია