
ნინო ლაცაბიძე: დღეს თითოეულ რუსთაველს გვაქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ჭალის ტყის ისტორია და აღვადგინოთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, რომელსაც ქალაქის ფილტვებს ვუწოდებთ
რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, მასშტაბური გამწვანების აქცია გაიმართა.
მათივე ცმობით, მიმდინარე წლის გაზაფხული რუსთავში ეკოლოგიური აქციებით იქნება დატვირთული, აპრილ-მაისიდან დაგეგმილი მწვანე პროექტებიდან კი ყველაზე მასშტაბური - რუსთავის ჭალის ტყეებია.
„ქალაქის ფილტვებად წოდებული ჭალის ტყეების განაშენიანების პროექტი, რომელიც 320 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივი ტყის აღდგენას ითვალისწინებს, უკვე დაწყებულია და დღეიდან, აქტიურ ფაზაში შევიდა. პირველ ეტაპზე, ჭალის ტყეში 10 000 ძირი ენდემური ხე-მცენარე დაირგვება.
რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, დღევანდელ ეკო აქციაში მონაწილეობა ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა და დეპუტატებმა მიიღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„დღეს, თითოეულ რუსთაველს გვაქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა გავაგრძელოთ ჭალის ტყის ისტორია და აღვადგინოთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, რომელსაც ქალაქის ფილტვებს ვუწოდებთ. ამ გაზაფხულზე, რუსთავის ჭალის ტყეში, 10 000 ძირ ენდემურ ხე-მცენარეს დავრგავთ. დღევანდელ გამწვანების აქციაში 200 ახალგაზრდა ჩაერთო. ჯამში საჯარო სკოლებიდან 1000 მოხალისე მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას და საკუთარ წვლილს შეიტანს რუსთავის ეკოლოგიის გაუმჯობესებაში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს, რუსთავისთვის ისტორიული მნიშვნელობის პროექტში ასეთი აქტიური მონაწილეობისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და გარემოს დაცვის ფონდიდან ფინანსდება.
„ქალაქში აქტიურ ფაზაში შევიდა ჭალის ტყის განაშენიანების მასშტაბური პროექტი, რომელიც ტყის აღდგენას 320 ჰექტარზე ითვალისწინებს. ადგილზე მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა რაც ამ ტერიტორიას დამატებით ფუნქციას შესძენს და ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი გამორჩეული მწვანე სივრცე შეემატება. სასიხარულოა, რომ პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოხალისე ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.
„ეკო პროექტში რუსთავის მერია მთელი ქალაქის ჩართვას გეგმავს. მოხალისეობრივ კამპანიას - „რეფორესტ“, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, 1000-ზე მეტი რუსთაველი მოსწავლე გამოეხმაურა.
ჭალის ტყეები მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდს შორის არსებული სივრცეა და ქალაქისთვის უმთავრეს ეკოლოგიურ რესურსს წარმოადგენს. მისი განაშენიანების პროექტი ენდემური ფლორის აღდგენის გარდა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge