
აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო
აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო - საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის.
უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი საკითხი განსახილველად კომიტეტებსა და ფრაქციაში ჩაეშვა - ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძე და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატები, კანონმდებლების წინაშე სამოქმედო გეგმით წარდგებიან.
ცოტნე ანანიძემ, საკითხის განხილვამდე აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადა რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ახალ, საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან პოზიციაზე წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge