
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე. ზურაბ პატარაძის თქმით აჭარის მთავრობის მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთო ძალისხმევას. მან პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მმართველ გუნდს და ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და რეგიონის კეთილდღეობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.
„გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ექვსივე მუნიციპალიტეტში ადგილზე გავეცნობით არსებულ მდგომარეობას და ვიზრუნებთ დასახული მიზნების შესრულებაზე. დღევანდელი ანგარიში მხოლოდ ციფრები არ არის - ეს არის საქმეზე დაფუძნებული ანგარიში. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ვიზრუნოთ მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე და შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი გარემო.
მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ღირსეულ ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და განვითარებაში. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის და ჩვენი რეგიონის, აჭარის კეთილდღეობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარა ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. არსებული პროგნოზით, 2026-2029 წლებში რეგიონის ეკონომიკის ორნიშნა ზრდა შენარჩუნდება და მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად საშუალოდ 12%-მდე გაიზრდება.
ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ინვესტიციების ზრდაზეც და აღნიშნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში რეგიონში 1.3 მილიარდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ამასთან, დაიწყო ბათუმის სამრეწველო ზონის განვითარება, სადაც მოსალოდნელია 75 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციის მოზიდვა და დაახლოებით 1 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.
