
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურისტულ სეზონზე არსებული ვითარება და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მთავრობის წევრებთან ერთად, სამინისტროებისა და პროფილური უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც აჭარაში ტურისტულ სეზონზე ზღვისპირა მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე შეფასდა რეგიონში ტურისტული სეზონის მიმდინარეობა, ვიზიტორთა ნაკადების დინამიკა და ზღვისპირა მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ ბათუმი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი, აგრეთვე, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები სეზონის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ვიზიტორებს მასპინძლობენ.
ტურისტული სეზონის პიკურ პერიოდში გაორმაგებული დატვირთვით მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანაპირო ზოლზე უსაფრთხოების, სისუფთავისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მუდმივ კონტროლს. ასევე, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია წყლის ხარისხის რეგულარული მონიტორინგიც.
შეხვედრაზე იმსჯელეს სატრანსპორტო ნაკადებისა და პარკირების მართვის საკითხებზეც. მოსახლეობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვან ამოცანად დასახელდა მასობრივი ღონისძიებების გამართვის პროცესში ქალაქში წესრიგის შენარჩუნებისთვის თანამდევი ღონისძიებების გატარება. ყურადღება გამახვილდა ასევე რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცედურებსა და სეზონის მანძილზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
ტურიზმის მიმართულებით გამოიკვეთა ახალი პროექტების შემუშავებისა და ინოვაციური შეთავაზებების მოზიდვის აუცილებლობა, რაც რეგიონის შესაძლებლობების განვითარებასა და ზოგადად, ტურისტული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
აღინიშნა, რომ შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რათა ტურისტული სეზონი რეგიონში უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და მაღალი სტანდარტების შესაბამისად წარიმართოს.
შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ ანთაძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ასევე აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge