
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდნენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან, წყალტუბოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების მერებთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდნენ.
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით, ქალაქ ათენის მერიასთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოსა და აჭარის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, საბერძნეთის რესპუბლიკაში (ქალაქ ათენში) ახორციელებს პროექტს, რომელიც საერთაშორისო ბანაკში აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდების მონაწილეობას ითვალისწინებს. მათ შორის არიან აჭარაში რეგისტრირებული, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები. 3-6 აგვისტოს, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინიციატივით, დაიგეგმა შეხვედრები საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებთან, ასევე, ბანაკის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრების მიზანი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდასაჭერად ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.
ჰარის დუკასთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-საბერძნეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდულ პროექტებზე, რომლებიც სამომავლო პერსპექტივებზეა გათვლილი.
„ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მტკიცე მეგობრობასა და პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბანაკების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის კულტურა, ისტორია და ტრადიციები, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები და კიდევ უფრო გააძლიერონ კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, ასეთი პროგრამები მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართულ-ბერძნული მეგობრობის განმტკიცებაში", - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა ქალაქ ათენის მერმა ჰარის დუკასმა. ხაზი გაესვა რეგიონთაშორის ურთიერთობებში ერთობლივი პროექტების გაგრძელების აუცილებლობას.
შეხვედრას, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე, ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი მამუკა კაკაბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე, აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი, წყალტუბოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების მერები - გენადი ბალანჩივაძე, გიორგი ნაჭყებია და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge