
ამიკო ჯანელიძე: ვდგავარ აქ, YE-ს შექმნილ პლანეტაზე და მახსენდება ის წამები, როდესაც პრომოუტერის ამპლუაში პირველი ნაბიჯები გადავდგი - მე ვამაყობ ჩემი მეგობრით, ჩემი ოჯახით, ჩემი გუნდით და, რაც მთავარია, ჩემი ქვეყნით, რომელიც ამ პლანეტაზე შეიძლება ერთ პატარა წერტილად ჩანს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდია
ვდგავარ აქ, YE-ს შექმნილ პლანეტაზე და მახსენდება ის წამები, როდესაც პრომოუტერის ამპლუაში პირველი ნაბიჯები გადავდგი.. - წერს სოციალურ ქსელში „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამიკო ჯანელიძე თბილისში გამართული, Kanye West-ის გუშინდელი კონცერტისა და სცენის შესახებ.
როგორც ის აღნიშნავს, YE-ს პლანეტაზე ასვლის წინ უთხრეს, რომ ჯერ არცერთი პრომოუტერი არ მდგარა აქ.
„როდესაც პირველად დავდექი 10 000 მსმენელის წინაშე და ვიგრძენი ის უდიდესი ენერგია, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ და გავაცნობიერე უდიდესი პასუხისმგებლობა, შეიძლება წნეხიც.. მაგრამ როდესაც გაქვს ჟინი და შემართება, ყველაფრის გადალახვაა შესაძლებელი. ჩემი ჟინის, ჩემი მოტივაციის უკან კი ყოველთვის კონკრეტული ადამიანები იდგნენ - ისინი, ვისაც ჩემი იმაზე მეტად სჯეროდათ, ვიდრე მე თავად მჯეროდა საკუთარი თავის..
სწორედ ასეთმა ადამიანმა, ვისაც ცხოვრების მთავარ მეგობარს ვეძახი, თავისი ნდობით დამანახა, რომ უნდა გამეკეთებინა ის, რის დანახვაც საკუთარ თავში არ შემეძლო… მგონია, რომ მან უფრო ადრე დაინახა ეს ფოტო, ვიდრე მე შევძელი მისი გადაღება. ამიტომაც გამიჩნდა სურვილი, მებრძოლა ერთი ადამიანისთვის და მებრძოლა ყველასთვის, ვინც მე მენდობა.. ამიტომაც გამიჩნდა სურვილი, ირგვლივ შემომეკრიბა ადამიანები, ვინც ჩემთან ერთად დაიჯერებდნენ შეუძლებელს და ამას რეალობად აქცევდნენ, როგორც ეს გუშინ საქართველოში მოხდა..
და ეს გზა არ ყოფილა ადვილი და ფინიშამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.. ფინიშთან კი მარტო ვერ მიხვალ, ამიტომაც ყოველთვის მახსენდებიან ის ადამიანები, ვინც ეს გზა ჩემთან ერთად დაიწყეს - ისინი, ვინც შემდეგ შემომიერთდნენ და ისინიც, ვისთანაც გზები გაიყო..
