
AP: აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა რეკორდულ ნიშნულს, 5,85 დოლარს მიაღწია
აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა პარასკევს ახალი რეკორდი დაამყარა. მისი საშუალო ღირებულება გალონზე, პირველად ისტორიაში, 5,85 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც ირანთან ექვსი თვეა მიმდინარე ომი მსოფლიოში საწვავის მიწოდების ჯაჭვებს კვლავ არღვევს, იუწყება Associated Press-ი.
იმის გამო, რომ დიზელის საწვავი სატვირთო გადაზიდვებისა და სხვადასხვა სახის მიწოდების ქსელებში ფართოდ გამოიყენება, მისი გაძვირება ყოველდღიური მოხმარების მრავალი პროდუქტის ტრანსპორტირების ხარჯებს ზრდის, წერს სააგენტო.
როგორც Associated Press-ი იუწყება, საწვავზე გაზრდილი დანახარჯები სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის ხარჯებს ზრდის. ზოგიერთმა მათგანმა ეს ხარჯები უკვე მომხმარებლებზე გადაიტანა - მათ შორის, ონლაინ შეკვეთებსა და საფოსტო გზავნილებზე დამატებითი გადასახადების დაწესებით.
ექსპერტების შეფასებით, საწვავის გაძვირება შესაძლოა მაღაზიების თაროებზეც უფრო მეტად აისახოს და მომხმარებლებს პროდუქტების შეძენისას ფასების მკვეთრი ზრდა სულ უფრო ხშირად შეხვდეთ.
ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და თვალსაჩინო გავლენა სასურსათო სექტორზე მოდის, განსაკუთრებით ხილსა და ბოსტნეულზე, ხორცსა და სხვა მალფუჭებად პროდუქტებზე, რომელთა ტრანსპორტირება და მარაგების შევსება ხშირ-ხშირად არის საჭირო. დიზელის საწვავი ასევე გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მუშაობისთვის, მათ შორის მოსავლის აღების პროცესში.
ამ ხარჯების სრულად მომხმარებელზე გადატანას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. თუმცა, ექსპერტები აფრთხილებენ, რომ თუ დიზელის საწვავის მაღალი ფასი ხანგრძლივად შენარჩუნდება, ფასების ზრდა შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს.
დიზელზე მომუშავე სატვირთო ავტომობილებით, მატარებლებითა და გემებით მრავალი სხვა სახის პროდუქტის ტრანსპორტირებაც ხდება, მათ შორის ტანსაცმლის, კოსმეტიკის, ავეჯისა და სხვა საქონლის. შესაბამისად, საწვავის გაძვირების გავლენა შესაძლოა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე თანდათან უფრო ფართოდ გავრცელდეს, წერს სააგენტო.
იმედი
წყარო: imedinews.ge