
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და თითქოსდა საქართველოში ბინადრობის და მუშაობის უფლების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ 58 000 ლარი გამოართვა მათ, რომელიც სრულად მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. ხოლო დაზარალებულთა პრეტენზიის შემდეგ საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი დაამზადა, რითაც სცადა ისინი დაერწმუნებინა, თითქოსდა თაღლითურად დაუფლებული თანხა უკან დაუბრუნა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge