
ბექა ძამაშვილი: ხშირად მედიაში არასწორი ნარატივი ვრცელდება ხოლმე, თითქოს საჯარო მოსამსახურეს, თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს
ხშირად მედიაში არასწორი ნარატივი ვრცელდება ხოლმე, თითქოს საჯარო მოსამსახურეს, თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დაიცვას პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაუსაბუთებელი სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფისგან.
„ეს გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი. ძირითადი, რასაც სტრასბურგის სასამართლო იხილავდა, ეს არის როგორ უნდა დადგეს ბალანსი ორ სხვადასხვა უფლებას შორის. ერთ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე შემთხვევაში ადამიანის სხვა უფლებებს შორის, როდესაც გამოხატვა არის ისეთი ფორმით, როდესაც ის სხვის მიმართ აგრესიას, შეურაცხყოფას, ან დამცირებას შეიცავს, გამოხატვის ასეთი ფორმა რამდენად არის ევროპული კონვენციით დაცული?! ეს იყო პირველი ძირითადი საკითხი, რაზეც შეფასება გააკეთა სტრასბურგის სასამართლომ. მან სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია. სამინისტროს პოზიცია ეფუძნებოდა ჩვენი შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებებს და თავად სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო ამ საქმეში მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ როდესაც ადგილი აქვს კონკრეტული ადამიანების მიმართ და მათ შორის საჯარო მოსამსახურეების, თუნდაც პოლიტიკური თანამდებობის პირების, არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლება იყოს ისე, რომ ვისაც მოუნდება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენოს, მუქარა გამოხატოს, სიძულვილის ენით ისაუბროს, დაამციროს. ყოველგვარი ამგვარი გამოხატვის ფორმა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით არის დაუშვებელი. ძირითადი, რაც გადაწყვიტა დღეს ევროპულმა სასამართლომ, იყო ეს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.

